მთავარი | საქართველო |
ტურები საქართველოში | ტურები საზღვარგარეთ | სიახლეები | სასტუმროები | ავიაბილეთები | ჩვენს შესახებ | კონტაქტი |
ქვემო ქართლი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ქართლის ერთი ნაწილი. იგი შემოსაზღვრული იყო თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით. სხვადასხვა პერიოდში მისი კუთხეები სხვადასხვა სახელებით იხსენიებიან (თრიალეთი, გაჩიანი, გარდაბანი, ტაშირი, აბოცი, ბამბაკი), რომელთა შინაარსი ხშირად იცვლებოდა.
ამავე ტერიტორიაზე იქმნებოდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, რომლებიც საცილობელი ხდებოდა მეზობელ ქვეყნებს შორის. მათ შორის აღსანიშნავია: სამშვილდის და ხუნანის საერისთავოები, თბილისის საამირო, ტაშირ-ძორაგეთის სამეფო, კლდეკარის, ლორის, გაგის საერისთავოები, საბარათიანო.
ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე ქართველური ტომებითი იყო დასახლებული, რომელთა ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ქართველი ხალხი. აქ მოსახლე ტომებიდან წყაროები იცნობენ გუგარებს, იგივე გოგარებს. მათგან მოდის ისტორიული პროვინციის - გოგარენეს სახელწლდება. სავარაუდოა, რომ მათ გვერდით ცხოვრობდნენ ასევე სომხური ტომებიც. მტრების გამუდმებული თავდასხმების გამო XIII საუკუნიდან მოყოლებული ქვემო ქართლი თანდათანობით დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. მათი დიდი ნაწილი მტერს შეეწირა, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებში გაიხიზნა. მათ ადგილს უცხოტომელები იკავებდნენ, რაც განაპირობებს ამ მხარის ეთნიკურ სიჭრელეს.
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ქვემო ქართლი შედის ქვემო ქართლის მხარეში და მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის რაიონების ტერიტორიებს.
ბარაქიანი, პურადი, გულადი, სტუმართმოყვარე, საქართველოს მარანი და ბეღელი, მრავალფეროვანი ბუნებით დაჯილდოებული და ზნეკეთილი ადამიანებით სავსე.
მხარის ფართობი შეადგენს 6785 კვ.კმ-ს, მოსახლეობა – 125 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე – 18 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მცხეთა. მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
ქალაქი – 2: მცხეთა, დუშეთი;
დაბა – 7: ახალგორი, ჟინვალი, ფასანაური, თიანეთი, სიონი, სტეფანწმინდა;
სოფელი – 582.
ეთნიკური შემადგენლობა - ქართველები, ოსები, ასურელები, სომხები, რუსები
მცხეთა-მთიანეთი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო მხარეს წარმოადგენს, სადაც გამოიყოფა მეცხოველეობის (ახალგორი, თიანეთი, დუშეთი, ყაზბეგი) და მებოსტნეობა-მებაღეობის რაიონები (მცხეთა, ნაწილობრივ დუშეთი). სამრეწველო ობიექტები თავმოყრილია მცხეთასა და დუშეთში. მხარეში მდებარეობს ქვეყნის მთავარი სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური.
რეგიონის სასარგებლო წიაღისეული ძირითადად სამშენებლო მასალებითაა წარმოდგენილი: ტუფის და მარმარილოს ქვით, კირქვით, ინერტული მასალებით, გრანიტებით... რეგიონში მოიპოვება უნიკალური სამრეწველო თიხა მეჭურჭლეობისთვის.რეგიონის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა მინერალური წყლები. აღსანიშნავია "ვაჟას წყარო" და "ხადა" "ნატახტრისწყალი", "ვეძა". სტეფანწმინდის, კობის, თრუსოს მინერალური წყლები: "ბაგინი", "ლომისა", "ალნაგუდა".
მცენარეული საფარი მდიდარია და მრავალფეროვანი, ისევე როგორც მისი ფაუნა. რეგიონის ტერიტორიაზეა საგურამოსა და ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალები.
მთისწინეთი უკავია ჯაგეკლიან სტეპებს, რომელშიც შერეულია ტყის ელემენტები. რეგიონში წიწვოვნების მხოლოდ ცალკეული ეგზემპლარები გვხვდება. გავრცელებულია ფიჭვნარი. მთების ტყის ზონის ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებია, სადაც ჩრდილო კალთებზე ხარობს დეკა, სამხრეთ კალთებზე - ღვია.
მაღალმთიან ზონაში გვხვდება აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი და არჩვი, ნიამორი მხოლოდ პირიქითა ხევსურეთშია. მთის ტყის ზონის ქვემო ნაწილში შემორჩენილია ირემი, შველი, მტაცებლებიდან გვხვდება მურა დათვი, მგელი, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, იშვიათად - ფოცხვერი. მთისწინეთის ტყეში ბინადრობს ტურა, კურდღელი, ციყვი.
თევზი: კალმახი, ქაშაპი, მტკვრის ტობი, ხრამული, მტკვრის წვერა, მურწა.
ფრინველები: მთის არწივი, ქორი, ბატკანძერი, მაღრანი, ჭკა, კავკასიური შურთხი, როჭო, კაკაბი, შაშვი, ოფოფი, ჩხიკვი.
სამცხე-ჯავახეთი საქართვლოს უძველესი კუთხეა. ამ ტერიტორიაზე მრავალი
არქეოლოგიური ძეგლია. შეიძლება ითქვას, რომ სამცხე-ჯავახეთის მიწა-წყალი
მრავალ საიდუმლოს ინახავს და მისი ვრცელი ტერიტორიები გამოსაკვლევია.
არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო რომ ადამიანს სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან უცხოვრია. რეგიონის ტერიტორიაზე მრავალი ადრე ანტიკური ხანის ნაქალაქარი და ყორღანული სამარხი იქნა აღმოჩენილი. აქ ვხვდებით ციკლოპური ტიპის-უზარმაზარ ლოდებიდან მშრალად ნაშენ ციხე ნამოსახლარებს, გალავნებს, კოშკებსა და აკლდამებს.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთი (ჩრდ. ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი), საქართველოში კი მესტიის რაიონი; დასავლეთით – სამეგრელოს მუნიციპალიტეტები; სამხრეთით იმერეთის მუნიციპალიტეტები, ასევე მხარის მოსაზღვრეა ამჟამად სამაჩაბლოში (ე. წ. სამხრეთ ოსეთი) შემავალი ჯავის მუნიციპალიტეტი. მხარის ტერიტორია 4601,3 კვ. კმ-ს მოიცავს, მისი მდებარეობა ზღვის დონიდან 400 მეტრსა და 5000 მეტრს შორის მერყეობს. აქ, ძირითადად, ქართველები სახლობენ, მათი საერთო რაოდენობა 49 000 კაცს აღწევს.
რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმყოფადობას და უნიკალურობას არა მხოლოდ მისი გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ მდიდარი, მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა განსაზღვრავს. თვითმხილველთა უზომო აღტაცებას იწვევს მხარის მთიანეთი, კავკასიონის ჭაღარა მწვერვალები და მთაგრეხილები,
მდინარეები და ჩანჩქერები, მრავალრიცხოვანი ტყის მასივები და მათში გავრცელებული ცხოველ - ფრინველები, ბუნებრივი გამოქვაბულები და მღვიმეები, უღელტეხილები, ალპური სათიბ - საძოვრები, ულამაზესი გზა - ბილიკები, შაორისა და ლაჯანის წყალსაცავები, სვანური მურყვამები (კოშკები) და სხვა სანახაობანი. განუმეორებელ ეფექტს ახდენს ეთნიკურად ადგილობრივი წარმოშობის მოსახლეთა გაცნობა და მათთან ურთიერთობა. უმდიდრესია მათი ისტორიული წარსული, ყოფა, კულტურა, ფოლკლორი, რის შესახებაც ჯერ კიდევ ძველი ბერძენი, რომაელი, სპარსი, თურქი და ევროპელი მკვლევარ - მოგზაურნი წერდნენ.
საქვეყნოდაა განთქმული აქაური სამკურნალო მინერალური წყლები და კურორტები – შოვი, უწერა, ლაშიჭალა, ქვეშვაკე, მუაში, სორტუანი, ბუგეული, ხიდიკარი, სადაც მათივე სახელობის 25-ზე მეტი სამკურნალო - მინერალური და გოგირდოვანი წყალი მოიპოვება. განსაკუთრებული ლანდშაფტით გამოირჩევა საკურორტო ადგილები – ხიდიკარი, წესიგორა, ურავი, ბარი, სხეფური, ქვედის ტბა და სხვა.
მხარეში უამრავი საინტერესო, უნიკალური ისტორიულ - ეთნოგრაფიული, არქეოლოგიურ - არქიტექტურული ძეგლია. მათ შორის აღსანიშნავია ნიკორწმინდა, ბარაკონი, ხონჭიორი, მრავალძალი, პატარა ონი, ღები, კვირიკეწმინდა, ლაილაში, ჩაჟაშის კომპლექსი, მინდა - ციხე, კვარაციხე, ციხეთა კომპლექსი - “დახვდი”, “დაჰკარი” და “არ გაუშვა”, ონის საუკუნოვანი სინაგოგა, VII საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის და თეოლოგის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და მონასტერი ცაგერის მუნიციპალიტეტში და ა. შ.
საქართველოს ისტორიული და კულტურული წარსული რომ ვაზთან, ვენახთანაა დაკავშირებული, მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ყოველივე ამას უმალ იგრძნობს ადამიანი, როდესაც თუნდაც ერთხელ ეწვევა საქართველოს ამ ლამაზ კუთხეებს და იქაურ ღვინოებს - “ხვანჭკარას”, “ალექსანდრეულს”, “ოჯალეშს” ან “თეთრას” დააგემოვნებს. საქართველოში გავრცელებული ვაზის 600 ჯიშთაგან, ამ მხარეში 300- მდე სახეობის ყურძენი მოჰყავთ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ღვინო “ხვანჭკარა”, რომელსაც ადრე რაჭის ამავე სახელწოდების სოფელში, ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ყურძნის ჯიშისაგან ამზადებდნენ.
ისტორიულ - ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან განსაკუთრებულ ყურადღებს იმსახურებს XI საუკუნის ნიკორწმინდისა და XVIII საუკუნის ბარაკონის ტაძრები. ცნობილი შაორის წყალსაცავი, - რაც შესანიშნავ პირობებს ქმნის ტურისტის მოსაზიდად.
სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსად აფხაზეთისა , იმერეთისა), XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი.
გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში, თუმცა უცხოურ წყაროებში „სამეგრელოდან“ ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება „სამეგრელო“. XVII საუკუნის I ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.
დონ კრისტოფორო დე კასტელის ცნობით, მისი საქართველოში მოღვაწეობისას (1627-1654 წწ), სამეგრელო ტერიტორია ვრცელდებოდა რიონიდან კოდორამდე
აფხაზეთი (აფსნი) — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით, უკავია 8,7 ათ. კვ.კმ. ტერიტორია მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის. ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ (იხ. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ), იმართება მარიონეტული დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. აერთიანებს რამდენიმე ისტორიულ ოლქს: საძენი (ანუ ჯიქეთი, ბზიფი, გუმა, შუა სოფელი, სამურზაყანო და წებელდა-დალი. აფხაზეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიას მოიცავდა და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს. დედაქალაქი – სოხუმი